ირაკლი ქარსელაძე - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დეკლარირებული პრიორიტეტია მთის განვითარება
23 ივლისი 2021
„სხვა მიმართულებებთან ერთად ჩვენი დეკლარირებული პრიორიტეტია მთის განვითარება და ამ ჭრილშიც ფასდაუდებელია ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა“, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ სამინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.
„აქტიურად ვმუშაობთ მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიის ფარგლებში დასახული ამოცანების შესასრულებლად, ესაა - დემოგრაფიული ვითარების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის გაძლიერება თუ სხვა მიმართულებები. დღეის მონაცემებით, მთის სტატუსით სარგებლობს 1 797 დასახლება, მთაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი კი 660 266 ადამიანს აქვს მინიჭებული. ე. წ. მთის კანონის ამოქმედებიდან დღემდე ფინანსური მხარდაჭერის სახით გაიცა 320 მილიონი ლარი, საგადასახადო შეღავათებით კი ისარგებლა 472 საწარმომ,“ - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
მინისტრის თქმით, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2021 - 2023 წლების სამოქმედო გეგმის ბიუჯეტი 968 მილიონ ლარზე მეტია, რაც 2019-2020 წლების დაგეგმილ სამოქმედო გეგმას 20%-ით აჭარბებს.